დალი სოლომონიძე ბათუმის უნივერსტეტის სტუდენტია, პარალელურად, ხელმძღვანელობს ქართველ მუსლიმთა კავშირის ქალთა ფრთას. 2018 წლის 15 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით
„ქართული ჰიჯაბი", რომელიც ქართველი მუსლიმი ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების არჩევანს ეხებოდა.
სიუჟეტის წარდგენისას გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ, საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ, სკოლებში ჰიჯაბის (ჩადრის) ტარება რელიგიური ექსტრემიზმის შიშით აკრძალა.
სიუჟეტის შესავალ ნაწილში წამყვანის მიერ საფრანგეთში ჰიჯაბის აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადება ფაქტობრივ უზუსტობებს და არასრულ ინფორმაციას შეიცავდა. გარდა ფაქტობრივი უზუსტობებისა, უარყოფით მოვლენასთან რელიგიური ატრიბუტიკის დაკავშირებით წამყვანმა სტერეოტიპის გამყარებას შეუწყო ხელი, რომლის თანახმად, თავსაბური რელიგიური თვითგამოხატვის ფორმას კი არა, რელიგიურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს უკავშირდება, რაც თავის მხრივ მუსლიმი თემის მიმართ აუდიტორიის ნეგატიურად განაწყობას უწყობს ხელს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღიარა უზუსტობები, რომელიც დაშვებული იყო სიუჟეტში, თუმცა არ აღიარა ის, რომ სიუჟეტი შეიცავდა რელიგიურ დისკრიმინაციას და ისლამოფობიას.
დალი აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედია ახდენს მოვლენების ამგვარ ინტერპრეტაციას.